ოპოზიციის ახალი ინიციატივა

შედგება თუ რა პრაიმერისი ოპოზიციაში და მოახერხებენ თუ რა ხელისუფლების ოპონენტები მომდევნო არჩევნებისთვის ერთი საერთო საარჩევნო სიისა და ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იდეას იზიარებს, თუმცა პოლიტიკურ აქტორთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევიცაა და არც მიზანშეწონილია, რადგან პოლიტიკურმა ძალებმა ახლა პარტიათა გაძლიერებაზე უნდა იზრუნონ. იდეა გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააჟღერა, თუმცა, საინტერესოა ის, რომ თავად ვაშაძის პარტიის კიდევ ერთი წევრი, პაატა მანჯგალაძე ამ თემაზე საუბარს ნაადრევს უწოდებს.