ონკოპაციენტი ბავშვების უცხოეთში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საქართველოს გარდა, კიდევ სამი ქვეყნის – თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ მკურნალობას. განაცხადების მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მიმღებში ხვალ დილის 9 საათიდან დაიწყება. უწყებაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული იქნება. მოთხოვნილ საბუთებს შორის არის ნებისმიერი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ბავშვის, ისე განმცხადებლის. დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, სპეციალური საბჭო, რამდენიმე დღის განმავლობაში შეარჩევს ოთხი ქვეყნიდან რომელშია მიზანშეწონილი პაციენტის გაგზავნა, საბოლოო არჩევანს კი პაციენტის ოჯახი აკეთებს. აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი და წლის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე ბავშვის დაფინანსება იგეგმება.