ომბუდსმენი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა; ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტიანი გამოძიების მიზნით.
სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. ომბუდსმენი ასევე წერს, რომ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.
ტატუნაშვილის შემთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ დაიშუროს ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტიანი გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. ამის გარდა, ჯერ ისევ გამოუძიებელია 2014 წელს ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დავით ბაშარულის საქმე და დაუსჯელია 2016 წელს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი.
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.