საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ორგანიზაციის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ აღმასკომის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე წარმატებულად შეაფასეს ქართველ სპორტსმენთა გამოსვლა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, საიდანაც ჩვენი დელეგაცია ისტორიული შედეგით დაბრუნდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში კვლავ შეიკრიბებიან და სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესიის ჩატარების თარიღს განსაზღვრავენ. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელიც პოსტზე 2012 წლიდან საქმიანობს, კანდიდატურას კიდევ ერთხელ წამოაყენებს.