უშედეგოდ დასრულდა ერგნეთში გამართული ოთხსაათიანი შეხვედრა.
საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მოსაზღვრე წნელისში უკანონო სამუშაოების შეწყვეტაზე უარს აცხადებს. არაღიარებული ხელისუფლება ორ სოფელს შორის ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის მონიტორინგის ჩატარებასაც არ თანხმდება. დე-ფაქტო რეჟიმი ჩორჩანაში ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს აღებას ითხოვს და სწორედ ამ პოსტის მოწყობით ხსნის ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას. არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დღესაც ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, – როდის გაიხსნება ახალგორის ე.წ. საზღვარი. მეტიც, დე-ფაქტო ხელისუფლება ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებამდე ერგნეთის გეგმიურ შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებს, რის გამოც ხვალისთვის დაგეგმილი რაუნდი ჩაიშალა.