ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მე-2 ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, ბოლო ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის იყო მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, ალხას კვიცინიამ  24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოლეგ არშბამ 24,9%.

მეორე ტურში ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. კენჭისყრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი იყო გახსნილი.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციამ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა.