ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია 35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი. მიმდინარე პროცესს საქართველოს საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება. სადაც წერია, რომ ეს აფხაზეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა.
სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.
დიპლომატიური უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.