ქვეყანა მკაცრ გზავნილებს იღებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონის მიღების გამოც.
საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, ლგბტქიუ თემის დისკრიმინაცია-სტიგმატიზება, ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლა – ასეთია შეფასებები იმ საკანონმდებლო პაკეტის გარშემო, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას და მათ მიერ შვილის აყვანას, ასევე სქესის შეცვლის მიზნით დაგეგმილ სამედიცინო ჩარევებს კრძალავს, ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით კი მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს არასრულწლოვნებისთვის. მმართველი გუნდი ახლად დამტკიცებულ კანონს გლობალური საფრთხეების პრევენციით ასაბუთებს. საკანონმდებლო ინიციატივამ შიდა პოლიტიკური ვითარებაც გაამწვავა. საპარლამენტო განხილვებმა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა.