ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ინიციატივა - განხილვა
მმართველი გუნდის კიდევ ერთი რეზონანსული ინიციატივის გარშემო სახალხო განხილვები დაიწყო.
არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო „ქართული ოცნება“ რეგიონებში საჯარო დისკუსიებს აწყობს. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კომისიამ პირველი შეხვედრა დღეს ქუთაისში გამართა. განხილვის მთავარი თემაა, სად გაივლება ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის პროექტში, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს და არაჰეტეროსექსუალებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და მიზნად ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე ზეგავლენისგან დაცვას აცხადებს. რვაპუნქტიანი რეგულაციები შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. დღევანდელ განხილვას ოპოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. საკითხის ხელოვნურად აქტუალიზაციის არგუმენტით ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა განხილვებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ქვეყნის უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებზე შეხვედრები ყველა ქალაქს და რეგიონს მოიცავს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.