10 წლის წინ დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. თბილისი და რეგიონები მასშტაბურმა შეკრებებმა მოიცვა. მოქალაქეების და სასულიერო პირების საზეიმო ფეხით მსვლელობა და სამშვიდობო პარაკლისი – ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. ოჯახური ფასეულობების და ტრადიციების დასაცავად დღეს დედაქალაქში 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა. მსვლელობას ყველა თაობა შეუერთდა. იყო მიმართვა პატრიარქის მოსაყდრისგან. მეუფე შიოს გამოსვლაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონიც იყო ნახსენები, რომელმაც ქვეყანაში ვნებათაღელვა გამოიწვია. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ოჯახური ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ გლობალურ ნეგატიურ ტენდენციებს გაუსვა ხაზი და ყურადღების მიღმა არ დატოვა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი რეზონანსული კანონპროექტი, რომელიც ჯერ ისევ განიხილება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახური ღირებულებების და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მიღების მომხრეა.