მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა. არჩილ თალაკვაძემ მილოცვის წერილი სოციალური ქსელშიც გაავრცელა. „საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს! ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. გილოცავთ გაზაფხულის, იმედის და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ! – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში. მილოცვის წერილს ავრცელებს აშშ-ის საელჩოც. წერილში ნათქვამია, რომ 2010 წელს გაერომ პირველად გამოაცხადა ნოვრუზის საერთაშორისო დღე, როგორც განახლების დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია. 2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე კი ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა ნოვრუზ ბაირამი საქართველოში 2010 წელს. ეს დღე წლებია განსაკუთრებულად აღინიშნება მარნეულში. ეწყობა სახალხო დღესასწაული და ფეხით სეირნობა. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო წელს მარნეულში მასშტაბური ღონისძიება არ გაიმართება.
მოამბე