ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოძიებამ არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გამოკითხა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, თუ რა ჩვენება მისცა გამოძიებას, თუმცა, მისი შეფასებით, არხის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვების მიზანი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის დაკავებაა. ასევე, მელაძე ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარება მის ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირდება.
ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან ჟურნალისტების ნაწილი და ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.