ჯანმრთელობის პრობლემა თუ სასამართლო სისტემის გავლენიან წევრებთან დაპირისპირება: 10 წლის ვადით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა. ამ გადაწყვეტილებას ნინო გვენეტაძე მკურნალობის საჭიროებით ხსნის, თუმცა მხოლოდ ეს მიზეზი პოლიტიკურ წრეებსა და მესამე სექტორში ეჭვს იწვევს. მით უმეტეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან იმ დაპირისპირების ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო.
საბჭოს სხდომებზე გვენეტაძეს ხშირად უწევდა მისი მისამართით მოსამართლე წევრების ბრალდებების მოსმენა, რის გამოც ჯერ კიდევ ნოემბერში ზეწოლაზე ალაპარაკდა.
პრეზიდენტი სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის პირველი პირის ასარჩევად აკადემიურ წრეებთან კონსულტაციებს იწყებს. თუმცა ინტრიგად რჩება, დაელოდება თუ არა მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა პრეზიდენტის უფლება აღარ იქნება.