ნიკა კვარაცხელიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებულები არიან.
აყვანის ოპერაცია დანაშაულის ჩადენიდან 23-ე დღეს, წყნეთში ჩატარდა. არაოფიციალური ცნობით, ისინი ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, მათგან ერთმა გაქცევა სცადა, თუმცა მცირეხნიანი მიმალვის შემდეგ მისი დაკავებაც მოხერხდა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სწორედ წყნეთში, სავარაუდოდ, წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. მათ დაკავებას წინ უძღოდა მოკლულის ოჯახის მიმართვა, რომელშიც ის მკვლელობის მოტივის დაფარვის მიზნით დამკვეთის მხრიდან შემსრულებლების შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობდა და ბრალდებულების ოჯახებს ძებნილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, 15 სექტემბერს, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და კავილაძესთან ერთად მიიმალა.
ბრალდებულები წყნეთის პოლიციაში იმყოფებიან, ერთ-ერთი უკვე გამოიყვანეს, ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მათ დაუსწრებლად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
თეონა ხუბულავა არკვევს დაკავების დეტალებს.