რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ცვლილებებით, საბჭოთა სტილის ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება.
არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე, – აღნიშნულია განცხადებაში.