საზოგადოებრივი კვლევის მორიგი შედეგები: NDI-ის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვა სხვადასხვა თემას მოიცავს, მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. შეკითხვაზე – „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“ გამოკითხულთა 51 პროცენტი ამბობს -„კარგად“, 39 პროცენტი ცუდად აფასებს, ხოლო გამოკითხულთა 8 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. „ენდიაის“ ცნობით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა. წინა კვლევასთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.
შეკითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 39% ამბობს, რომ არცერთი პარტია, 25% პასუხობს რომ „ქართული ოცნება“; „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 6% ასახელებს; სხვა პარტიები – 13%. უარი პასუხზე – 10%; არ ვიცი – 7%;
„ენდიაი“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ასევე ამბობს, რომ საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია; 14% – თვის მიუღებელია; 11% – ის პასუხია – არ ვიცი.
რაც შეეხება ევროკავშირის მხარდაჭერას, მონაცემები გაზრდილია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 81%-თვის მისაღებია; 9%-თვის მიუღებელი, არ ვიცი – პასუხობს 9%. ამასთან, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს. 29% ფიქრობს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა. 25% ის აზრით კი, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს. 15 პროცენტის პასუხია – არ ვიცი. ამასთან, 30% პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. 38%- ის აზრით, საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. 18 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. 13% -ის პასუხია -არ ვიცი.
გამოკითხვაში მოხვდა საქართველოსვე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხიც. ამ თემაზე პასუხები ამგვარია – უარყოფითი გავლენა – 69%, დადებითი გავლენა – 17%; არანაირი გავლენა 6%; არ ვიცი 8%. ასევე NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. – უნდა შემოიღოს – 69%; არ უნდა შემოიღოს – 21%; არ ვიცი – 10%. ამასთან, გამოკითხულთა 80 პროცენტს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 56 პროცენტი კი რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. გამოკითხვა 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. კვლევის ავტორების ინფორმაციით, წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით თბილისში და ასევე დიდი და მცირე ზომის ურბანულ დასახლებებში ჩატარდა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, როგორც „ენდიაი“ განმარტავს, გამოყენებულია სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდი. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.