გამოკითხული მოქალაქეების 76 % მიიჩნევს, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობა უნდა დაიწყოს. ამ კვლევას „ენდიაი“ აქვეყნებს. დოკუმენტში ასევე საუბარია პარტიების მხარდაჭერის საკითხზე. გამოკითხულთა 31 % ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა %-მა. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს ასევე 5 %-ს. კითხვაზე, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, 60 % ფიქრობს, რომ კარგად. 33 %-ის აზრით, მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა %-მა უპასუხა, რომ არ იცის. „ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 1.1 %-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.