საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი გაზრდილია,- ასეთია NDI-ის მიერ დღეს გასაჯაროებული კვლევის შედეგი.
თუ გამოკითხვას დავეყრდნობით, ნდობის რეიტინგი 12 პროცენტს შეადგენს, და ეს მაშინ, როცა მარტში ჩატარებული იმავე კვლევით მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა.
რაც ეხება ყურებადობას, პირველ არხს გამოკითხულთა 34 პროცენტი უყურებს. დეკემბერში ჩატარებული კვლევა საზოგადოებრივი განწყობის ამსახველ არაერთ საკითხს მოიცავს.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველაზე მთავარი ეროვნული საკითხების სამეულში ისევ სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა რჩება.
იმ თემებს შორის, სადაც გამოკითხულთა უმეტესობამ შედარებითი პროგრესი აღნიშნა, არის მედიის დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება, ასევე სამედიცინო მომსახურება. საპირისპირო პოზიცია დაფიქსირდა სასამართლო სისტემის, კრიმინალის და ეკონომიკის კუთხით.