ნატოს გამაფრთხილებელი გზავნილი რუსეთის მიმართ.
ჩრდილო-ატანტიკური ალიანსი რუსეთის ფედერაციის საზღვართან ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. „მტკიცე მცველი 2024“ – ამ სახელწოდების სამხედრო სწავლების მიზანი რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზადებაა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გადაწყვეტს. ამ საფრთხეს ევროპის ქვეყნები საკმაოდ რეალურად მიიჩნევენ, მით უმეტეს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ. ორგანიზაციის სტრატეგიულ დოკუმენტში სწორედ რუსეთია დასახელებული ყველაზე დიდ საფრთხედ. წვრთნები 700-მდე საჰაერო საბრძოლო მისიით და 100 000-მდე ჯარისკაცის მონაწილეობით – პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებსა და გერმანიაში დაგეგმილი სწავლება მომავალ კვირას დაიწყება. მასში ჩაერთვებიან სამხედროები შვედეთიდანაც, რომელიც ნატოს წევრობას ელოდება.