ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და მკაცრი გზავნილები რუსეთს. დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, აზოვისა და შავ ზღვებში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.