„ნატო-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, შტატები პოზიციას დააფიქსირებს, რომ ვაშინგტონი არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტისკენ, თუმცა, რუსეთის საზიანო ქმედებებს პასუხს გასცემს. რუსეთის საფრთხეებს ეხება ნატო-ს სამიტის კომუნიკეც. სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ალიანსის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ასევე შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კომუნიკეში გამოხატულია მხარდაჭერა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით.
მოამბე