მკაფიო და საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გზავნილი ბრიუსელიდან მოსკოვის მისამართით – ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეაჩერებს. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებზე, რის შემდეგაც ნატო-ს კარი გაიღება – ასეთი იყო იენს სტოლტენბერგის განცხადების მთავარი აქცენტი. ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების კუთხით ოპტიმისტურია ოფიციალური თბილისის პროგნოზებიც. მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის გათვალისწინებით, როცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი განახლდა.
განცხადებაში იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაც და განაცხადა, რომ ის, რაც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გააკეთა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უახლოეს მომავალში იენს სტოლტენბერგთან სალომე ზურაბიშვილი იმსჯელებს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხვალ დაიწყება.