სოფელ ნამოხვანში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები საკუთარ პროტესტს დღეს გასაჯაროებული დოკუმენტითაც ამყარებენ.
საუბარია იუსტიციის სამინისტროს დასკვნაზე, სადაც სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი რისკებია შეფასებული. დოკუმენტი 2019 წლის მარტში, ანუ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი თვით ადრეა მომზადებული და არა ერთ კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს. შემაჯამებელ შეფასებაში კი წერს, რომ ჰესის პროექტის ფარგლებში ვალდებულებების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს ეკისრება, ინვესტორის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები კი შეზღუდულია. სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის შემდეგ მომზადებულ დასკვნას ხელს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილე და ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აწერს, რომელსაც დღეს ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება მოუხდა.
სალომე ქოქიაშვილი გაეცნო ორი წლის წინ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნას.