ვნებათაღელვა არ ცხრება „ნამახვანჰესის“ გარშემო. რიონის ხეობაში გამწვავებული სიტუაციის და პროტესტის ფონზე ხელისუფლება ვითარების განმუხტვის გზებს ეძებს. დღეს გადაწყდა, რომ შეიქმნება ექსპერტთა საბჭო. ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები და ინვესტორი კომპანია „ენკა“ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, გეოლოგებს, სეისმოლოგებს და ჰიდროლოგებს სთავაზობს, რომ საბჭოში გაერთიანდნენ და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის განხორციელებამდე ინვესტორის მიერ ჩატარებული კვლევები თავიდან შეისწავლონ. თავის მხრივ „ენკა“ მზადაა, რომ საბჭოს პროექტთან დაკავშირებული ყველა კვლევა გადასცეს.
გენო ოსიყმაშვილი ადევნებდა თვალს დღეს გამართულ შეხვედრას, რომელსაც რიონის ხეობის მცველებიდან არავინ დასწრებია.