„ნაციონალური მოძრობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა

არჩევიდან შვიდი თვის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრობის“ დეპუტაცია შევიდა. ექვსი დეპუტატი დღეს პირველად რიგგარეშე სხდომაზე მივიდა, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს უსმენენ. სხდომის დაწყებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა განცხადების გაკეთება ითხოვა, თუმცა რიგგარეშე სხდომის რეგლამენტიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა. აჭარის უმაღლეს საბჭოში 21-დან 14 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და უმაღლეს საბჭოში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ექვსმა დეპუტატმა კი, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო.

მოამბე