სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება.
აქციები დღეს თბილისთან ერთად ბათუმშიც მოეწყო. საერთაშორისო ზეწოლა და შიდა პროტესტი – ამ გზებით ესახებათ ექს-პრეზიდენტის ოჯახს და თანაგუნდელებს მოთხოვნის დაკმაყოფილება. მათ მოთხოვნას ეთანხმება „ევროპის სახალხო პარტიაც“, რომელიც ხელისუფლებას წერილით მიმართავს. „ქართული ოცნებიდან“ კი ოპონენტებს არწმუნებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, რაზეც პატიმარი თავად ამბობს უარს. ხელისუფლება სააკაშვილის გარემოცვის მიერ დასახელებულ ჯანმრთელობის პრობლემებს სასჯელის გადავადების ან საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძვლად არ მიიჩნევს. სანამ მოქმედი და ყოფილი მმართველი პარტიებისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა დასკვნა კი დავის საგანია, ოპოზიციის ნაწილი პროცესის პოლიტიკისგან დასაცლელად გაფართოებული კონსილიუმის მოწვევას ითხოვს.