გარკვეული დეტალები დაზუსტდა მმართველი გუნდის გეგმიდან, რომლის რეალობად ქცევა არჩევნების დასრულებისთანავე დაანონსდა.
როგორ ესახება „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და არაკონსტიტუციურად გამოცხადება – ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ პროცესი რამდენიმე ინსტიტუციაში წარიმართოს. მათ შორის სახელდება პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით, ასევე პროკურატურა და საკონსტიტუციო სასამართლო. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის პასუხისმგებლობის დასაყენებლად საჭირო სამართლებრივ საფუძვლებად მმართველი პარტია მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებს ასახელებს. განსაკუთრებული აქცენტი კი 2008 წლის ომზე კეთდება. ხელისუფლება ანალოგიური პროცესის წარმართვას იმ პოლიტიკური ძალების მისამართითაც აპირებს, რომლებიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული არიან. რამდენად თავსებადია გეგმა დემოკრატიულ პროცესებთან – ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ მმართველი გუნდი ევროპის ცალკეული ქვეყნების პრაქტიკაზე მიუთითებს.