ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებული ალტერნატიული გეგმა მმართველი გუნდის მხრიდან რადიკალურ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო დღის წესრიგად ფასდება.
ამ გეგმის ნაწილია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ში არიან და იმ ადამიანს ხვდებიან, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილ რუსეთის სანქციების ჯგუფს კოორდინაციას უწევს. საუბარია რუსეთში ამერიკის ყოფილ ელჩზე, მაიკლ მაკფოლიზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოდან გარკვეულ პირთა დასანქცირება დააანონსა. საკუთარ მოთხოვნას ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შინაარსით და ევროკომისიის იმ პუნქტით იმყარებს, რომელიც დეოლიგარქიზაციას გულისხმობს. სანქციების მოთხოვნას მხარდაჭერა აქვს იმ უკრაინელი მაღალჩინოსნებისგანაც, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე აქტიურად საუბრობდნენ და რომელთა მწვავე კრიტიკის სამიზნე ქვეყნის ხელისუფლება არაერთხელ გახდა. ამ ფონზე ორად გაყოფილ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ბრიუსელიდან დღეს კიდევ ერთხელ ახსენებენ იმას, რასაც ევროკავშირი ელოდება – ევროკომისიის პუნქტებზე სამუშაოდ გაერთიანებას და პოლარიზაციის შემცირებას.