გუშინ, 8 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობაზე ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ – გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა, ასევე იქნებიან: გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი. ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით წარდგება. გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ერთობის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და იმედოვნებენ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ. პლატფორმას არ უერთდება როგორც პარტია „გირჩი“, ასევე ,,გახარია საქართველოსთვის“. როგორც პარტიებში აცხადებენ, მათი წინასაარჩევნო გეგმები არ შეცვლილა და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გაერთიანებაში ახალი არავინ და არაფერია. მათივე თქმით, თამარ კორძაია, გია ჯაფარიძე და არმაზ ახვლედიანი ძველი სახეები არიან და ისედაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს კონფიგურაცია მოცემულობას ვერ შეცვლის, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ შანსი არჩევნებზე ნულის ტოლია.