ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ, მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.