მზადება არჩევნებისთვის, თუ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის – მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიციის საარჩევნო გეგმის და სტრატეგიის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. ექს-პრეზიდენტი პირველი არ არის, რომელმაც ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე წინასწარ ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალები საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევენ და თითქმის ყველა განცხადებაში უნდობლობას უცხადებენ ცესკო-ს, რომელმაც არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს. შესაბამისად, პოლიტიკური აქტორები არ ემიჯნებიან და ეთანხმებიან პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს, რომელმაც ოპოზიციას ქუჩაში დგომისთვის მზადებისკენ მოუწოდა. არჩევნების შემდეგ ოპონენტებისგან დესტრუქციულ ქმედებებს და მათი მხრიდან შედეგების არალეგიტიმურად ცნობას ელოდება ხელისუფლება. ამ პროგნოზს საფუძვლად 2020 წელს განვითარებული მოვლენები უდევს.