მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი უკვე მზად არის. ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა, რომ არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
9 ივნისის არჩევნებში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს, შალვა შავგულიძე – ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ სახელით და ლადო კახაძე „ქართული ოცნების“ სახელით. არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული.