მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრემიერის წინააღმდეგ ცრუ და სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს. ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს, სახელმწიფო ხარჯი არასდროს გამოუყენებია. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას მთავრობის მეთაურის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
„თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა“, – იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.