თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით იზრდება – განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა თავდაცვის სფეროში თანხების შეჩერებაზე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მას სამწუხარო უწოდა, რადგან მისი თქმით, ეს არ პასუხობს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. კობახიძის განცხადებით, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, რისთვისაც ქართული მხარე მზად არის.
წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი 519 მლნ ლარით გაიზრდება – ამის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თანხები ასე გადანაწილდება: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის უწყებას, 80 მილიონი კი – განათლების სამინისტროს. ბიუჯეტი გაეზრდებათ სხვა უწყებებსაც. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას იძლევა.