მთავრობის სხდომა

სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზსა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.7%-ის ნაცვლად 7.6%-მდე გაიზრდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, განახლებული პროგნოზები მთავრობის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია. ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს რეგიონსა და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება და ასევე პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებლებს აჭარბებს. ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი რამდენჯერმე არის გაზრდილი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე, უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრასა და ეკონომიკურ ზრდაზე.