ხელისუფლების ორ შტოს შორის საკონსტიტუციო დავა დაიწყო.
მომჩივანი მთავრობა, მოპასუხე მხარე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. დავის საგანი რამდენიმე ელჩის დანიშვნაზე სალომე ზურაბიშვილისგან მიღებული უარია, რაც მმართველმა გუნდმა პირველად მარტში, პრეზიდენტის საკმაოდ მწვავე საპარლამენტო მიმართვის მოსმენის შემდეგ გაახმაურა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ქვეყნის საპარლამენტო მოწყობაზე მიუთითებს და უზენაესი კანონიდან შესაბამისი მუხლის მოშველიებით ახსენებს, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლების დროს მას მხოლოდ სიმბოლური ფუნქცია აქვს. დღეს ცნობილი ხდება იმ ორი ელჩის ვინაობაც, რომელთა დანიშვნაზე, როგორც მმართველი გუნდი ამტკიცებს, პრეზიდენტმა დაიწუნა. საუბარია დავით ბაქრაძის და კახა იმნაძის კანდიდატურებზე. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს მმართველი პარტიის მიმართ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ მწვავე კრიტიკას უკავშირებს და დავის მიღმა პრეზიდენტის დასჯის სურვილს ხედავს.