ვინ დარჩება მთავრობაში და ვინ დაემშვიდობება მინისტრის პორტფელს – საპარლამენტო უმრავლესობაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. უკვე მეორედ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. ახლა სწორედ მან უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. კანდიდატურების შერჩევის შემდეგ, ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება, რაც მომავალ კვირას იგეგმება.
კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ გუნდს. პარლამენტს წარედგინება ასევე სამთავრობო პროგრამაც. ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.