„მთავარი არხის“ დირექტორის საჩივარი

„მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი, გიორგი ქურდაძე შავი ფულის გათეთრების სქემაზე საუბრობს.

მედიასაშუალებების ნაწილის ცნობით, ქურდაძემ ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკის ხელმძღვანელობას მიმართა. ის იმ სქემას აღწერს, რომლითაც მისი თქმით, ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად „მთავარი არხი“ ზარალდება. ქურდაძის განცხადებით, 2019-2024 წლებში „მთავარ არხში“ ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში შემოსულია 8,475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული, ძირითადად დოლარის კუპიურებით, რომელიც „თიბისი“ ბანკის ანგარიშების მეშვეობით, ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში. მთავარი არხის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ „მთავარ არხს“ არასოდეს განუხორციელებია უკანონო ტრანზაქცია. არხის მენეჯმენტის განცხადებით ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. განცხადებას ავრცელებს შპს „ნიუ სეილსიც“, სადაც ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის ტექსტებზე მითითებით მედიაში გავრცელდა ცრუ ბრალდებების შემცველი ინფორმაცია.

არხის ერთ-ერთი დირექტორის ხმაურიან ბრალდებებს პოლიტიკური შეფასებები მოყვა