გვარამიას სასამართლო

სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის.

დღეს პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა. დამცველებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ფაქტობრივ და დოკუმენტურ მასალებს არ დაეყრდნო, როდესაც გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანა. ასევე დაცვის მხარემ პოზიციების ერთ-ერთ დასტურად დაასახელა არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ აფასებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. უკვე შემდეგ პროცესზე დაგეგმილია მსჯავრდებულის სიტყვა, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავა. ნიკა გვარამიას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით სამი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. მოსამართლემ მთავარი არხის ხელმძღვანელი საქმის ორ ეპიზოდზე გაამტყუნა. ერთი, რომელიც არხისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ეხებოდა და მეორე იმ ავტომანქანის ეპიზოდზე, რაც გამოძიების ინფორმაციით, სარეკლამო ბარტერის ხელშეკრულებით კომპანიის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა გვარამიამ ის პირად საკუთრებაში მიიღო.