საათებში განადგურებული ისტორია.
მსოფლიო საფრანგეთის დასახმარებლად ერთიანდება.
ბოლო მონაცემებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაიწვა ხის სახურავი და მთლიანად ჩამოინგრა ტაძრის სვეტი. ისტორიული რელიკვიები და ფრესკები გადარჩა. ამ წუთებში ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები ადგილზე შევლენ და დაადგენენ, რა მასშტაბისაა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი. ამ ეტაპზე პროკურატურა ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას გამორიცხავს და ხანძარს 2018 წელს დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირებს.
ცხრა საათის განმავლობაში მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ იწვოდა 850-წლიანი ისტორიის მქონე, ფრანგული გოთიკური არქიტექტურის უნიკალური ნიმუში. ცეცხლის ჩასაქრობად მხოლოდ ცოცხალი ძალა გამოიყენეს, რადგან ოპერაციაში ავიაციის ჩართვის შემთხვევაში არსებობდა ტაძრის მთლიანად ჩამონგრევის საფრთხე.