ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელსაც უკრაინის სახელით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდა, გამოხმაურებები მოჰყვა. „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ჩეჩირემ გააზიარა უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი ესწრება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრას. „მის თანამდებობაზე ყოფნის დროს, უამრავი დარღვევა მოხდა, რამაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში, ვიქტორ ორბანის კალთის ქვეშ იმალებოდა“, – წერს მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს, – ამის შესახებ კი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე წერს სოციალურ ქსელში.