„მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფის „მრავალფეროვანი საქართველო“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს, ჯგუფის მუშაობის პრინციპები გააცნო და პროექტი წარუდგინა.
„მრავალფეროვანი საქართველოს“ მუშაობის ძირითადი ამოცანა არის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურობაში მათი ჩართვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებულ მედიაპროდუქტებში ინტეგრირება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დაიწყო.
ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება სომხურ ენაზე და სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება. ეს კი უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობის დროულ და მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ.
ჯგუფში „მრავალფეროვანი საქართველო“ დასაქმებულია 30-მდე თანამშრომელი. ისინი უშუალოდ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.