როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სენატორმა ჯინ შაჰინმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა და რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. „ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით – აცხადებს ჯინ შაჰინი. სხდომაზე განიხილეს, თუ როგორ ტაქტიკას მიმართავს რუსეთი რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და როგორი უნდა იყოს მასზე რეაგირება. სენატორი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის საკითხებზე ნატო-ს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.