კანდიდატების მოსმენის შემდეგ ახლა პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20-ვე კანდიდატს ინდივიდუალურად უნდა უყარონ კენჭი. საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ორთვიანი პროცესით ოპოზიცია, დამოუკიდებელი დეპუტატები, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილოები არიან და პარლამენტს კანდიდატების ჩაგდებისკენ მოუწოდებენ. მათი მტკიცებით, კანდიდატურების უმრავლესობა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობისთვის საჭირო ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, 20-კაციანი სია კი სასამართლოს ე.წ. კლანის მიერ არის შედგენილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, რომელიც თვეების წინ მმართველი გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის და სასამართლო რეფორმის დაწყების მიზეზი გახდა, ამ დრომდე პოლიტიკური უთანხმოების და ვნებათაღელვის მიზეზად რჩება.