იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინეს. პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასარჩევად გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი წარუდგინა. გასაუბრების პროცესი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს. კანდიდატებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დეზინფორმაცია დაასახელეს, სწორედ ამ კონტექსტში, ე.წ. სასამართლო კლანს ეხებოდა დეპუტატთა შეკითხვების ნაწილიც.
რაც შეეხება კანდიდატებს – გიზო უბილავა პროკურორად მუშაობის შემდეგ სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან დაბრუნდა. ასევე პროკურორად მუშაობის გამოცდილება აქვს ბადრი შონიასაც, რომელიც 2022 წლიდან საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე კოლეგიის თავმჯდომარეა, ასევე 2021 წელს ის მოსამართლეთა კოლეგიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. გოჩა ჯეირანაშვილი კი 2021 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა. იურიდიული კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.