ხელისუფლება ამერიკის საელჩოს პასუხს ელოდება.
„ქართული ოცნება“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. საქმე ეხება ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას. მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ახალი ელჩის ხელმძღვანელობის პირობებში სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს. „ქართული ოცნებისთვის“ ერთი მტკიცებულებითაც კი არ არის გამყარებული კორუფციულ გარიგებებში ჩართვის ბრალდება, რითაც თავის დროზე ვაშინგტონმა ქართველი მოსამართლეების სანქცირება ახსნა. საელჩოსთვის მიმართვა მმართველმა გუნდმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვიტა. სტრასბურგმა ნიკა გვარამიას მიერ გაგზავნილი საჩივარი წარმოებაშიც კი არ მიიღო. ხელისუფლება განმარტებებს ელის რეზონანსული საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებითაც, რომელიც ორი წლის წინ გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო ოპოზიციის და მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა, ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი სასწავლო პროგრამიდან კი საერთოდ მოიხსნა.