მოქალაქეობის საკითხთა კომისია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის
მოქალაქეობის საკითხთა კომისია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანმა პრეზიდენტის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულების შესახებ ისაუბრა, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად, ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
კომისიაში, პრეზიდენტი, ადმინიტრაციის 2 წარმომადგენელი, ასევე უშიშროების საბჭოს ერთი წევრი და სუს-ის 2 წარმომადგენელი იქნება.