ინდივიდუალური მოლაპარაკების ორი რაუნდის შემდეგ შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. ხელისუფლებასთან გაფორმებული დოკუმენტი, რომელმაც „მოქალაქეებს“ პოზიცია შეაცვლევინა, საარჩევნო რეფორმას გულისხმობს. შემდეგ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებზე ბარიერის დაწევა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალი წესი, არჩევნების დღეს ხმის ელექტრონულად მიცემის მექანიზმის დანერგვა და დიდი ქალაქების საკრებულოების არჩევნებში მაჟორიტარულ და პროპორციულ წარმომადგენლობას შორის თანაფარდობის შეცვლა მოსალოდნელი ცვლილებების მხოლოდ ნაწილია. თუმცა იმისთვის, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს, 113 ხმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა და პარლამენტში დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შესვლაა საჭირო, რასაც დანარჩენი ოპოზიცია გამორიცხავს.
„გირჩის“ გარდა, რომელთანაც ხელისუფლებას შეთანხმების პერსპექტივა გაუჩნდა, ელისაშვილ-იოსელიანის გადაწყვეტილება ოპოზიციურმა სპექტრმა მწვავედ გააკრიტიკა.