შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკებები იყო ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ „ქართული ოცნების“ ოფისში ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომაზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, გუნდმა კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილა ის წინადადებები, რომელითაც „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების პროცესში იხელმძღვანელა.
მმართველ გუნდში მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ პროცესში კონკრეტული კომპრომისული წინადადებებით სწორედ „ქართული ოცნება“ იყო წარმოდგენილი, ოპოზიციის მხრიდან კი არანაირი კომპრომისი არ ყოფილა. რაც შეეხება საკითხს, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საჭიროა ახალ დღის წესრიგზე გადასვლა და უნდა დასრულდეს გამოგონილი, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი დღის წესრიგით მოქმედება.