მმართველი გუნდი „შავ სიებზე“ ოპოზიციის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს
მმართველი გუნდი ე.წ. შავ სიებზე გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ სიის ავტორები თავად არიან შავი სიის წევრები. არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას, გიგი უგლავასა და ოპოზიციის სხვა წევრებს მათი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს ახსენებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კი ოპონენტების მიერ შედგენილ სიას პოლიტიკურ უზნეობად აფასებს. რაც შეეხება საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციების მეხუთე რაუნდს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შემდეგი შეხვედრა იანვრის თვეში გაიმართება, უცნობია ზუსტი თარიღი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ამ შეხვედრამდე საჭიროა კონსულტაციების გამართვა როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპონენტებთან.